• Tsiala Kakhniashvili

ცეკვით მოვლილი მსოფლიო ვლადიმერ ხეთაგუროვი

ცხინვალში, სტალინის ქუჩის N19 სახლის ფასადზე გაკრულ მემორიალურ დაფაზე აღნიშნულია, რომ ამ სახლში 1957-1973 წლებში ცხოვრობდა ცნობილი ოსი მოცეკვავე - ქორეოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამსახურებული არტისტი ვლადიმერ ხეთაგუროვი.


მან საფუძველი ჩაუყარა ოსურ ქორეოგრაფიას. დიდი ამაგი დასდო ოსური და საზოგადოდ კავკასიური ცეკვის განვითარებას. დღეისათვის უკვე სახელგანთქმული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „სიმდისა“ და ოსური თეატრის შექმნაგანვითარებაც მის სახელთანაა დაკავშირებული.


მისი, როგორც მოცეკვავის, აკვანი თბილისში დაირწა, სადაც 8 წლის ასაკიდან ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ცეკვა 10 წლისამ დაიწყო. თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიაში სწავლისას უკვე მონაწილეობდა ზუბალოვის სახალხო სახლთან არსებულ ოსურ დრამატულ წრეში. გიმნაზიის დამთავრებისას კი უკვე ნიჭიერ მოცეკვავედ იცნობდნენ. თბილისში ყოფნის წლებში მან 33 პრიზი და სამახსოვრო საჩუქარი დაიმსახურა სხვადასხვა კონკურსსა და ცეკვის საღამოზე.


1921 წლიდან იგი ცხინვალშია და როგორც კულტსახლის დირექტორი, ბავშვთა საცეკვაო სტუდიას აყალიბებს. თუმცა ვერც ცოდნის წყურვილს ეწინააღმდეგება და ორი წლის შემდეგ მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სტუდენტი ხდება. აქ იგი ხშირად ცეკვავს დიდი აკადემიური თეატრის და სხვა ცნობილ სცენებზე. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გამოსვლისას მიიპყრო საზღვარგარეთის საქმეთა სახალხო კომისრის ჩიჩერინის ყურადღება, რომელმაც მიულოცა ახალგაზრდას და ვერცხლის პორტსიგარი უსახსოვრა. მისით დაინტერესდა სახალხო კომისარი სერგო ორჯონიკიძეც და დახმარება შესთავაზა სტუდენტს. მან კი თავისი მშობლიური სოფლის - წუნარისათვის (ახლანდელი ხეთაგუროვი) ტრაქტორი სთხოვა, მოკლე ხანში ცხინვალში ერთის ნაცვლად სამი ტრაქტორი ჩამოვიდა.


ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დანიშნეს ვალოდია ხეთაგუროვი კინოფილმ „ზელიმხანის“ რეჟისორის ასისტენტად. შემდეგშიც მისი მონაწილეობით არის გადაღებული რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმი, ხოლო 1930 წელს დანიშნეს საქართველოს სახკინმრეწვის კულტფილმის განყოფილების უფროსად. მაგრამ ერთი წლის შემდეგ სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის მიწვევით თბილისიდან ცხინვალში ბრუნდება და ახლად გახსნილი კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ოსური დრამატული თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად იწყებს მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ არ ჰყავდათ პროფესიული კადრები, მოუწყობელი იყო თეატრის შენობა, არ ჰქონდათ კოსტიუმები და რეკვიზიტი, ვლადიმერ ხეთაგუროვის ძალისხმევით ყველა დაბრკოლება გადაილახა და 1931 წლის 29 ივლისს გაიხსნა პირველი სეზონი ს. წერეთლის პიესით „ციებ-ცხელება“. წლების მანძილზე დასი შეივსო პროფესიონალი მსახიობებით და თეატრი ცხინვალელთა ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა.


ვლადიმერ ხეთაგუროვს ყველაზე სასიამოვნო და საამაყო მოსაგონრად 1935 წელი ჰქონდა. იმ წელს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გაიმართა ლონდონის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც 18 სახელმწიფოს 1000-მდე მოცეკვავე მონაწილეობდა. 18- ათასკაციანი ცნობილი „ალბერტ ჰოლის“ დარბაზი მუდამ გაჭედილი იყო მაყურებლით. მათზე განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა ქართული ჯგუფის მიერ შესრულებულმა ცეკვებმა ხეთაგუროვის, სუხიშვილის, ჩიხლაძის, ჩოჩიშვილის, ნონიევის მონაწილეობით. ამაზე წერდნენ მაშინ გაზეთები „ტაიმსი“, „პრავდა“, „კომუნისტი“, „ზარია ვოსტოკა“. ვლადიმერ ხეთაგუროვი ფესტივალზე ასრულებდა „ოსურ მთიულურ ცეკვას“.



მომდევნო წელს თბილისში მე-5 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად მოამზადა 12 წყვილისაგან საცეკვაო პროგრამა, რომელშიც შედიოდა ოსური ხალხური ცეკვა „სიმდიც“. სწორედ ამ ცეკვამ გაუთქვა სახელი ცხინვალიდან ჩასულებს. „სიმდის“ პირველი სცენური ვარიანტი ამ ოლიმპიადაზე შესრულდა. გაზეთი „კომუნისტი“ 1936 წლის 12 აგვისტოს წერდა: „დიდი წამატება ხვდა წილად ოსური ცეკვის ანსამბლს, რომლის ხელმძღვანელია ვლადიმერ ხეთაგუროვი. მშვენიერია ოსური მასობრივი ცეკვა „სიმდი“, მშვენივრად ცეკვავს ვლადიმერ ხეთაგუროვი“.


1937 წელს ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაში „საპატიო ნიშნის“ ორდენით დაჯილდოვდა. მას უკვე იცნობდნენ არა მარტო როგორც საუკეთესო მოცეკვავეს, არამედ როგორც ნიჭიერ ქორეოგრაფსაც. წლების მანძილზე ცეკვები დადგა დაღესტანში. აფხაზეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ კავკასიისა და ამიერკავკასიის მოცეკვავეთა კოლექტივებში


დასკვნითი კონცერტი 1957 წელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა, იქ, სადაც ვლადიმერ ხეთაგუროვმა სიყმაწვილეში პირველად მიიღო მონაწილეობა ოსური საქველმოქმედო საზოგადოების მიერ გამართული ცეკვების საღამოზე.


საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით ოსური და ქართული ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილისთვის ვლადიმერ ხეთაგუროვს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება.


დღეს ოსური ქორეოგრაფია ოსური ხელოვნების ფართო შტოს წარმოადგენს, ამაში დიდი დამსახურება მიუძღვის ვლადიმერ ხეთაგუროვს, კაცს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა სპეციალური განათლება, გამოდიოდა როგორც პროფესიონალი არტისტი. ამაში კი მას ეხმარებოდა დიდი სიყვარული მშობლიური ხელოვნებისადმი

უკანასკნელი წლები ვლადიმერ ხეთაგუროვმა ცხინვალში გაატარა, ოროთახიან ბინაში, სტალინის ქუჩაზე. მან 1973 წლის 8 მარტს დატოვა ამქვეყნიური ცხოვრება და როგორც მელს შევლოხოვი წერს საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ წიგნში „ვლადიმერ ხეთაგუროვი“ – „მისი ტრაგიკული სიკვდილი შედეგი იყო ყოველდღიურობისადმი არასტერეოტიპული მიდგომისა. ვლადიმერ ხეთაგუროვს შეეხო უსულგულობის ტალღა იმათგან, ვინც მოვალე იყო ეღიარებინა იგი და ღირსეულად შეეფასებინა მისი დამსახურება ხალხის წინაშე. თუმცა დღეს იგი აღარ არის ფიზიკურად, მაგრამ მისი წვლილი კვლავ ტრიალებს იმ მოზარდ თაობაში, ვინც ოსური ხალხური ცეკვის საიდუმლოს ეუფლება და ვისაც მის სახელს მაგალითად უსახავენ მისი თანამედროვენი“.


ციალა კახნიაშვილი



23 views