• ალექსანდრე პლიევი

ქართული სკოლა ვლადიკავკაზში

საუკუნენახევრის სასწავლო დაწესებულება, რომელიც ოსებმა გადაარჩინეს

ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიის დედაქალაქში ვლადიკავკაზში, 1888 წელს გაიხსნა ქართული სკოლა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და აკაკი წერეთლის სახელს ატარებს. სხვათა შორის, ქუჩა, რომელზეც სკოლა მდებარეობს, ასევე აკაკი წერეთლის სახელობისაა.


სკოლამ ისტორიულ ჟამთასვლასა და პოლიტიკურ ცვლილებებს მედგრად გაუძლო, ქართულმა დიასპორამ ადგილობრივ ოსურ საზოგადოებასთან ერთად შეძლო ის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე სკოლას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია და მრავალი თაობა აღზარდა.


XIX საუკუნეში ჩრდილოეთ კავკასიაში ძალიან ბევრი ქართველი გადასახლდა. ამის მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად, სოციალური პრობლემები იყო. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, მოხევეები, მთიულები და რაჭველები მიდიოდნენ იქ და სამუშაოს შოვნის იმედით სახლდებოდნენ. XIX საუკუნის ბოლოს, 80-იან წლებში, ქართველების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა და საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა გახდა საჭირო, რათა ქართველი ბავშვები არ `გარუსებულიყვნენ. ამ დროს, ჩრდილოეთ ოსეთში მიწათმოწყობის სამსახურის უფროსი იყო ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე მიხეილ ყიფიანი. მისი აქტიურობით, საფუძველი ჩაეყარა სკოლის დაარსებას. არსებობს დოკუმენტაციაც, თუ როგორ გზავნიდა იგი წერილებს სკოლის გახსნის საკითხზე თბილისში, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში და ვლადიკავკაზში ქალაქის ხელმძღვანელობასთან. სკოლისგახსნის საკითხში ასევე აქტიურობდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი ყაზბეგი. მათი ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა მიწის ნაკვეთის აღება და დაიწყო სკოლის მშენებლობა. ამ საქმეში ასევე ჩართული იყო, გიორგი ყიფიანის მეგობარი, კოსტა ხეთაგუროვი, რომელთაც მართლაც სამაგალითო მეგობრობა ჰქონდათ... ამ ადამიანებისა და საქართველოში მცხოვრები რამდენიმე ქველმოქმედის, დავით სარაჯიშვილის, ძმები სამადაშვილებისა და სხვების ფინანსური მხარდაჭერით, 1888 წელს შენობა უკვე დასრულებული იყო. ამავდროულად, იქაური სათვისტომო აწყობდა თეატრალურ დადგმებს და ასე აგროვებდა სკოლის კეთილმოწყობისთვის საჭირო თანხას... ამგვარად თანხაც შეგროვდა და თეატრალურ დასსაც ჩაეყარა საფუძველი. სკოლის შენობას ფართი მიუმატეს და ჩრდილოეთ კავკასიაში პირველმა ქართულმა თეატრმაც გახსნა სეზონი. მას მხოლოდ ვლადიკავკაზელი მაყურებელი არ ჰყავდა, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, დაღესტნიდან, ალექსეევკიდან ჩამოდიოდნენ. მოგვიანებით, თეატრალურ დასს პრობლემები გაუჩნდა და ფუნქციონირება შეწყვიტა...


სკოლის პედაგოგები ძირითადად, ადგილობრივი ქართველები იყვნენ, თუმცა, რამდენიმე თბილისიდანაც ჩამოვიდა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავალებით. 1898 წელს, ასევე ქართველი მეცენატების დახმარებით, ქართული სალოცავიც დაარსდა, - სკოლის ეზოშივე ააშენეს წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია. ეკლესია 1932 წლამდე ფუნქციონირებდა. აქ მოინათლა საქართველოს ამჟამინდელი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომლის ოჯახი ვლადიკავკაზში ცხოვრობდა. ის, როდესაც ჩრდილო ოსეთში პოლიტიკური ძვრები მოხდა და ვლადიკავკაზს დედაქალაქის სტატუსი მიანიჭეს, 1935 წელს, სკოლის დირექტორად დაინიშნა გიორგი ცხაკაია, რომელიც, როგორც ამბობენ, ძალიან გონიერი და საქმის ერთგული ადამიანი იყო... ეკლესიის შენობის გვერდით, რუსული სამხედრო ნაწილი და პოსტი იყო. რუსმა სამხედროებმა ეკლესიის შენობის ხელში ჩაგდება განიზრახეს. გიორგი ცხაკაიამ ეკლესიას გუმბათი მოხსნა და შენობა სკოლას შეუერთა. ამით შენობა, თავის ინფრასტრუქტურიანად, დანგრევა-გადაკეთებას გადაარჩინა...



სკოლაში თავიდან მხოლოდ სამი კლასი იყო. შემდეგ, კონტინგენტის ზრდასთან ერთად, სკოლას თითო კლასი ემატებოდა და პედაგოგების რაოდენობაც გაიზარდა. 1930-იან წლებამდე 7 კლასი იყო, ბოლოს კი, საშუალო სკოლა გახდა.


XX საუკუნის 90-იან წლებში ეკლესიის შენობის აღდგენა მოხდა, დაზიანებული სახურავი შეუცვალეს. იმ დროს წირვალოცვა არ მიმდინარეობდა. სკოლის ამჟამინდელი დირექტორის, ეთერ ფიცხელაურისა და ადგილობრივი ქართველების ძალისხმევით, შაბათკვირას ტაძარში წირვა აღევლინება, წინამძღვარი არის თბილისელი ოსი, რომელიც საეკლესიო ღვთისმსახურებას ხანდახან ქართულადაც ატარებს. საკვირაო წირვას ადგილობრივი, მართლმადიდებელი ოსებიც ესწრებიან. ეკლესია, რომელსაც რემონტი სჭირდება, ადგილობრივ ეპარქიას ეკუთვნის და ქართული ეკლესიის იურისდიქციაში არ არის.


90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტი დაიწყო, სკოლა დახურვის საფრთხის წინაშე დადგა. თუმცა, იგი თავად ადგილობრივმა ოსებმა დაიცვეს. სკოლის კურსდამთავრებულს ვაჟა მარსაგიშვილს კარგად ახსოვს, თუ როგორ დარაჯობდნენ ყოველღამე, შეიარაღებული ადამიანები, რათა სკოლასა და ტაძარში ვინმე არ შევარდნილიყო და არ დაეზიანებინა. ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 90-იანებში, სკოლაში ქართველზე მეტი ოსი სწავლობდა. კონფლიქტის გამო საქართველოდან წამოსული ოსური ოჯახების წევრები ძირითადად ქართულად საუბრობდნენ და ამიტომ ბავშვების მიყვანა ქართულ სკოლაში ამჯობინეს. შემდეგ, თანდათან ახალი თაობა წამოვიდა და მშობლებმა შვილები რუსულ სკოლებში მიიყვანეს. სამწუხაროდ, ეს ეხება ქართველებსაც.


ამჟამად სკოლა ვკადიკავკაზის მერიის ბალანსზეა და ადგილობრივი ხელისუფლება სკოლის მესვეურებს ძალიან გულისხმიერად ეპყრობიან, მნიშვნელოვან შეღავათებს უწევენ, რომ თავისი ფუნქცია შეინარჩუნოს.


სკოლის დირექტორის ნათელა ფიცხელაურის ინფორმაციით, სწავლის ძირითადი პროგრამა რუსულია, მაგრამ ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, გეოგრაფიისა და კიდევ რამდენიმე საგნის სახელმძღვანელოები საქართველოდან ჩააქვთ. ეს მაშინდელი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის (2013-2018) ფონდის დაფინანსებით მოხდა, პირადად მან გაუგზავნა სკოლას საკმარისი რაოდენობის წიგნები. მანამდე მშობლები საქართველოში ჩამოდიოდნენ და აქ ყიდულობდნენ სახელმძღვანელოებს. ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე, ამჟამად დაახლოებით 12 ათასი ქართველი ცხოვრობს, აქედან, 10 ათასამდე - ვლადიკავაზშია.


ნათელა ფიცხელაურის ინფორმაციითსკოლაში სულ 60-მდე მოსწავლე და 14-15 პედაგოგია. საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით, ამ სკოლის კურსდამთავრებული, ეროვნული გამოცდების მინიმალური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, 100%-იან გრანტს იღებს.






წარწერა: Здесь часто встречались великие представители грузинского и осетинского народов – Михаил Кипиани и Коста Хетагуров. Их взаимоотношения символ дружбы двух народов. (აქ ხშირად ხვდებოდნენ ქართველი და ოსი ხალხების დიდი წარმომადგენლები - მიხეილ ყიფიანი და კოსტა ხეთაგუროვი. მათი ურთიერთობა ორ ხალხს შორის მეგობრობის სიმბოლოა).

34 views