• Rusudan Plieva

"ვეფხისტყაოსნის" ოსურად მთარგმნელი - გიორგი ბესთაუთი


თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ოსი პოეტისა და “ვეფხისტყაოსნის” ოსურად მთარგმნელის, გიორგი ბესთაუთის სახელი მიენიჭა. გორის რაიონში დაბადებული ოსი პოეტი, 1952 წლიდან აქვეყნებდა ლექსებს ქართულ და ოსურ ენებზე. მან ქართულ ენაზე თარგმნა კოსტა ხეთაგუროვის შემოქმედება და პირიქით, ოსურ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”, ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟაფშაველას, ეგნატე ნინოშვილის, ირაკლი აბაშიძის ნაწარმოებები...


46 წლის ასაკში გარდაცვლილი ოსი პოეტი, ცხინვალის სასაფლაოზეა დაკრძალული.


2020 წლის ოქტომბერში თბილისის საკრებულომ მოიწონა ადვოკატ ბადრი მანჯავიძის ინიციატივა და სამგორის რაიონში, ერთ-ერთ ქუჩას ოსი პოეტის სახელი მიაენიჭა. ადვოკატი ცხინვალშიც იყო ჩასული ბესთაუთის საფლავის მოსანახულებლად და თავის ინიციატივა სწორედ ამის შემდეგ გააჟღერა. გიორგი ბესთუთმა ლექსების წერა თავდაპირველად ქართულად დაიწყო და მერე გადავიდა ოსურზე.


„მზე - წითელი ბროწეული - მტკვარს ზედ თავზე ეკიდა, და გარშემო ლივლივებდა ოქროდ ჩამოღვენთილი, და თბილისის გაზაფხულით სიმღერით და ცეკვითა ასე ჩამრჩა მე ხსოვნაში - ლამაზი და კეთილი“.


ვინც არ იცის, ვინ არის ამ სტრიქონების ავტორი, ალბათ, ვერ მიხვდება, რომ იგი არაქართველის დაწერილია ქართულად.


გიორგი ბესთუთიმ დაწყებითი სკოლა ოსურ სოფელ სათიხარში დაამთავრა და მისი ოჯახი იმ წელსვე ცხინვალის განაპირას ქართულ სოფელ მამისაანთუბანში გადმოსახლდა. ცხინვალის N1 ქართულ საშუალო სკოლაში განაგრძო სწავლა, იმის მიუხედავად, რომ ქართული კარგად არც კი იცოდა.


მეთერთმეტე კლასში იყო, როცა პირველ საშუალო სკოლაში დიდი პოეტი გოგლა ლეონიძე მიიწვიეს და თავისი პირველი ლექსიც მაშინ წაიკითხა ქართულად. 1952 წელს კი საოლქო გაზეთმა „საბჭოთა ოსეთმა“ ქართულად დაწერილი გიორგი ბესთაუთის რამდენიმე ლექსი გამოაქვეყნა. და ამ მომენტმა მისი მომავალიც განსაზღვრა.


იმ წელსვე დაამთავრა ვერცხლის მედალზე საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლად გახსნილ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შეიტანა საბუთები. ქართული ენის წერითი გამოცდის წინადღით ახალგაზრდა მწერლების კონფერენციაზე გიორგიმაც მიიღო მონაწილეობა, თვისი ლექსიც წაიკითხა, რომელიც რადიოთი გადაიცა. გამოცდაზე საწერ თემას იმ ლექსის ერთი სტროფი წაუმძღვარა. უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ნიკო კეცხოველმა ჩაიარა მერხებს შორის და გიორგის შენიშვნა მისცა: ეგ ლექსი ბრჭყალებში უნდა ჩასვაო. - ეს ჩემი საკუთარი ლექსია, - მოკრძალებით უთხრა ბესთაუთიმ.


თურმე ნიკო კეცხოველს წინა დღით რადიოთი მოსმენილი მისი ლექსი ეცნო, მაგრამ ავტორს ხომ არ იცნობდა.


მომდევნო გამოცდაზე მისულს შეატყობინეს, რექტორი გიხმობსო.


გაურკვევლობით გულაჩქროლებული გამოცხადდა რექტორთან. კეცხოველს მისი ნაწერი ედო წინ. მან ყველაფერი გამოჰკითხა გიორგის თავისი ცხოვრების, სწავლის შესახებ და ბოლოს უთხრა: წადი ახლა სახლში, სხვა გამოცდებს აღარ ჩააბარებ, უკვე სტუდენტი ხარ და სექტემბერში გელოდებითო.


სასექტემბროდ „საბჭოთა ოსეთში„ დაბეჭდილი ლექსების ჰონორარით მამამ ტანსაცმელ-ფეხსაცმელი უყიდა და თბილისში გაისტუმრა. იქ კი შეხვდა გამოცდებზე გაცნობილ თანატოლს ზურაბ ლომიძეს, რომელთან ერთადაც იარა სიცოცხლის ბოლომდე. ზურაბ ლომიძე, რომელიც ბოლოს საქინფორმის დირექტორი იყო, ყოველი წლის 5 მაისს, გიორგის დაბადების დღეზე, ჩადიოდა ცხინვალში მისი საფლავის მოსანახულებლად.


უნივერსიტეტში მოწყობილ გალაკტიონ ტაბიძის შეხვედრაზეც წაიკითხა გიორგიმ ქართულად ლექსი, რომელიც ასე მთავრდებოდა:


„სიყვარულს თარგმნა რად უნდა

ოსურია თუ ქართული“


გალაკტიონი შუბლზე ეამბორა ავტორს და დიდი პოეზიისკენ გზა დაულოცა.


უნივერსიტეტში სწავლის დროს დაიწყო ლექსების წერა ოსურადაც და გამოსცა პირველი ლექსების კრებული ოსურად. მას მოჰყვა ქართული კრებული „გული მართალი“.


ლექსების წერასთან ერთად თარგმნიდა კიდეც ოსურიდან ქართულად და პირიქით. ოსურად თარგმნა ბარათაშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის, ლეონიძის ლექსები.


დიდხანს ემზადებოდა, ვიდრე კოსტა ხეთაგუროვის შემოქმედების ქართულად თარგმნას დაიწყებდა. გერმანულიდან თარგმნა, აგრეთვე, გოეთესა და შილერის ნაწარმოებები. და მაინც, მისი მთარგმნელობითი შემოქმედების გვირგვინი გახდა რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ ოსური თარგმანი. „გიორგი ბესთუთი, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ერთადერთია თანამედროვე ოს პოეტებს შორის, რომელიც შეძლებდა ამ განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საქმის უნაკლოდ შეასრულებს“, - ეს სიტყვები ეკუთვნის აკადემიკოსს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, მწერალ ნაფი ჯურსოითის.


ათი წელი მოანდომა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას და ივანე მაჩაბლის პრემიის პირველი ლაურეატობა ხვდა წილად.


ცნობილმა ენათმეცნიერმა, აკადემიკოსმა ვასო აბაევმა გიორგის მეუღლეს სალიმათ ზოზირევას ერთხელ ასეთი სიტყვებით მიმართა: იცი, რა ნიჭიერი კაცის ცოლი იყავი?! მე ყველა ენაზე მაქვს წაკითხული „ვეფხისტყაოსანი“, მაგრამ იმ დონისა, როგორიც გიორგიმ თარგმნა, არსად მინახავსო.



სრულიად ახალგაზრდა მძიმე სენით გარდაიცვალა. სამძიმარზე მისული მისი თანაკლასელი, ცნობილი ქართველი მწერალი მერაბ ელიოზიშვილი სადარბაზოშივე დაეცა მუხლებზე და ასე ჩოქვით შევიდა მეგობრის კუბოსთან. მისმა მოთქმამ შეძრა იქაურობა. მერე, წლების შემდეგ ასე მიმართა გულიდან წამოსული სიტყვებით: „ძმურ კავკასიურ მთათა წნულის უღრუბლო, უბოროტო, უპირქუშო, ნიადაგ სახემცინარ მთათა შვილს, ჩემს ძმას, სათიხარის გოგიაანთკარელ ბიჭებს, ცხინვალის ერთი საყვარელი უბნის - მამისაანთ უბნის ფალავანს, მერე მთელი ცხინვალის სათაყვანებელ. ქართულ-ოსურ ფალავანს, თანასკოლელს, თანამერხელს, თანამოძმეს, თანამოკალმეს, თანამოაზრეს. თანა და თანას ვამბობ და სადღაა „თანა“ - აბა, ჩვენო გიორგი! ვაგლახ, რომ ვეღარა ჩვენ-თნა! შენ შენს მამა-პაპათა ძვლებთანა! შენი ლექსი და საქმე - შენი, ჩვენთანა, ბიჭო გიო, სამარადჟამოდ ჩვენთანა!"


ჯანსუღ ჩარკვიანმა კი მას ოსური და ქართული წყვილი სალამურის ერთდროულად მფლობელი უწოდა.

6 views